
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის დღეს თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღნიშნავენ. თავდაპირველად, დღესასწაული ჯორჯ ვაშინგტონის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნად იყო გამიზნული. მოგვიანებით, 1968 წლიდან დღესასწაული ასევე პატივს მიაგებდა აბრაამ ლინკოლნს, რომელიც ასევე თებერვალშია დაბადებული. დღეს კი ეს დღესასწაული ქვეყნის ყველა პრეზიდენტის აღიარებას ემსახურება.
დღესასწაულის აღნიშვნა 22 თებერვალს დაიწყო, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს. თავისი დროის ნებისმიერ სხვა ფიგურაზე უკეთ, ვაშინგტონი წინ მიუძღვოდა ქვეყანას, რომელიც მომავალში შეერთებულ შტატებად იქცა და მას ურთულეს პერიოდში, რევოლუციური ომის დროს და მის შემდგომ რთულ პერიოდში ხელმძღვანელობდა. ვაშინგტონის მეთაურობით დასრულებულ, ექვსწლიან ომში გამარჯვებით, დამთავრდა ქვეყნის კოლონიური წარსული და ამერიკა ახალი მომავლის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობის გზას დაადგა.
ვაშინგტონს სამართლიანად უწოდებენ ქვეყნის დამფუძნებელ მამას. ის არამარტო წარმატებული სამხედრო ლიდერი იყო, არამედ სავსებით კანონზომიერად, მისი ქმედებები ომისშემდგომ სამოქალაქო ცხოვრებაში უნიკალურ პრეცედენტს ქმნიდა და იყო სანიმუშო მაგალითი თანამედროვეებისთვის - მათთვის, ვინც მას ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, გვერდში ედგა.
ჯორჯ ვაშინგტონმა ერი ჯანსაღ ფინანსურ საფუძველზე ააშენა და ხელმძღვანელობდა სრულიად ახალბედა სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. საწყის ეტაპზე, სამშობიარო ტკივილების ფონზე, ვაშინგტონის ძალისხმევით დაიბადა და სწრაფად ჩამოყალიბდა სტაბილური, დემოკრატიული და კანონიერი მთავრობა. ორი ოთხწლიანი ვადის შემდეგ, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებით და მის ნაცვლად არჩეული ლიდერისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა ყველა მომდევნო პრეზიდენტისთვის.
რომ არა ვაშინგტონის ლიდერობა, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატები ვერ ჩამოყალიბდებოდა იმ სახელმწიფოდ, რომელიც ის დღესაა.ქვეყნის ფუნდამენტის მშენებლობაში არანაკლები როლი ითამაშა აბრაამ ლინკოლნმა, რომლის დაბადების დღეც 12 თებერვალს აღინიშნება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის დროს დანაწევრებას და დაშლას გადაურჩა. ლინკოლნის უნარმა, შემოეკრიბა და გაეერთიანებინა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთის შტატებში და მიეღწია პოლიტიკური კონსენსუსისთვის მონობის გაუქმების აუცილებლობის საკითხზე, გადამწყვეტი როლი ითამაშა სეპარატისტულად განწყობილი შტატების დამარცხებაში და ქვეყნის საბოლოო, მანამდე არნახული გაერთიანება გამოიწვია.
სამოქალაქო ომამდე შეერთებული შტატები ძლიერი პოლიტიკური სუბიექტების ნაკრები იყო, რომელიც შედარებით სუსტი ცენტრალური მთავრობის ქვეშ იყო გაერთიანებული. ლინკოლნის შემდეგ კი ის გადაიქცა მტკიცე სახელმწიფოდ, რომელიც ოთხწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლებიდან ძლიერი ცენტრალური მმართველობით გაერთიანებული გამოვიდა.
ორივე, ჯორჯ ვაშინგტონი და აბრაამ ლინკოლნი ომის პერიოდის ლიდერები იყვნენ, რომლებიც ხალხის ძლიერი მთავრობის ქვეშ გაერთიანების აუცილებლობას აღიარებდნენ. მას შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთი გამოჩენილი ლიდერი ჰყავდა, თუმცა არცერთი არ იყო მათსავით დიდი დამსახურების.
დღეს შეერთებული შტატები პატივს მიაგებს ორი პრეზიდენტის ხსოვნას და იმ ადამიანებს, ვინც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ვაშინგტონისა და ლინკოლნის მემკვიდრეობას.