
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რიადში შემდგარი შეხვედრა ამერიკა-რუსეთს შორის, ბოლო წლების განმავლობაში პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იყო, რომელიც მხარეებს შორის პირისპირ გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ ისინი ოთხ პრინციპზე შეთანხმდნენ, რომელთა შორის უპირველესი მხარეთა დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაა.
„მეორე გახლავთ ის, რომ ჩვენი მხრიდან, ვაპირებთ მაღალი დონის გუნდის შექმნას, რომელიც დაეხმარება მოლაპარაკებას და იმუშავებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე ისე, რომ იყოს ეს იყოს გამძლე და მისაღები ყველა ჩართული მხარისთვის. მესამე არის ასევე მაღალ დონეზე მუშაობის დაწყება, მსჯელობა, ფიქრი და გადამოწმება როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას... და ბოლო, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ სანამ ჩვენი გუნდები ამ ყველაფერზე იმუშავებენ, ჩვენ ხუთნი, ვინც დღეს აქ ვიყავით, ამ პროცესში კვლავაც ჩართულნი ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის ნაყოფიერად წარიმართება”.
შეერთებული შტატების მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება არა დროებითი, არამედ მუდმივი გადაწყვეტილება უნდა იყოს:
„მიმდინარეობს დისკუსია ტერიტორიებზე და უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს მხოლოდ ფუნდამენტია, რაც ნებისმიერი სახის განხილვის საფუძველს წარმოადგენს. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გახლავთ, რომ პრეზიდენტმა [ტრამპმა] განაცხადა თავისი სურვილის, მისი გადაწყვეტილების შესახებ, დაასრულოს ეს ომი, დაასრულოს ადამიანური მსხვერპლის გაღების მიმდინარე პროცესი, სიკვდილი და ნგრევა, რაც ამ ომმა მოიტანა და დღესაც თვიდან თვემდე გრძელდება“.
თუ ომი უკრაინაში ყველა მხარისთვის მისაღები ფორმით დასრულდება, შეერთებული შტატები და რუსეთი ჩაერთვებიან საერთო ინტერესებისა და შესაძლებლობების სფეროთა იდენტიფიკაციისკენ მიმართულ პროცესში, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა:
„ესაა საკითხები, რომლებიც, იმედია, სიკეთის მომტანი იქნება მსოფლიოსთვის და ასევე გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებს გრძელვადიან პერსპექტივაში... გასაღები კი, რომელიც ამ შესაძლებლობათა კარს გააღებს, ამ კონფლიქტის დასრულებაა“.
”სამუშაო კვლავაც არის”, - თქვა რუბიომ. თუმცა, „დღეს გადაიდგა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრძელ და რთულ გზაზე“.