
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკმაოდ უხალისოდ მოაწერა ხელი ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას აღადგენს.
მემორანდუმი ხაზინის დეპარტამენტს ავალდებულებს, „დანერგოს ძლიერი და ხანგრძლივი სანქციების აღსრულების კამპანია ირანის წინააღმდეგ, რომელიც თეირანის რეჟიმსა და მის ტერორისტ წარმომადგენლებს შემოსავალზე წვდომას შეუზღუდავს“.
სხვა ზომებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა “ხაზინის მდივანთან და სხვა შესაბამის აღმასრულებელ დეპარტამენტებთან თუ სააგენტოებთან კოორდინაციით, მძლავრი და ხანგრძლივი კამპანია ჩაატაროს, რათა ირანის ნავთობის ექსპორტი ნულზე დავიდეს“.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით, მას წინააღმდეგობრივი განწყობა ჰქონდა.
„ირანთან მიმართებით ეს ძალიან მკაცრია. ეს ისაა, რაც ადრე გვქონდა… მაგრამ იმედია, ჩვენ არ მოგვიწევს მისი ბოლომდე გამოყენება. შევხედავთ, მოვახერხებთ თუ არა ირანთან შეთანხმებას, ყველამ ერთად ცხოვრება რომ შეძლოს. იქნებ, ეს შესაძლებელი იყოს, ან იქნებ შეუძლებელიცაა. ასე რომ, მე ხელს ვაწერ მას და ამით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, დიდი არჩევანი მე ნამდვილად არ მაქვს, რადგან ჩვენ ძლიერნი და მტკიცენი უნდა ვიყოთ”.
პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, თუ რაზე არ არის შესაძლებელი მოლაპარაკება:
“ჩემთვის ეს ძალზე მარტივია: ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი”.
მოგვიანებით პრესასთან გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ირანის წინააღმდეგ მაქსიმალური ზეწოლის კამპანიით მიღებულ სარგებელზე, რომელსაც მან თავის პირველ ვადაში მიაღწია.
„ირანმა ნავთობის გაყიდვა ვერ შეძლო… “ჰამასი” არ ფინანსდებოდა. “ჰეზბოლას” ვერ აფინანსებდნენ, ვერავის აფინანსებდნენ“.
ტრამპმა პირდაპირ მიმართა მათ, ვინც პრეზიდენტის თქმით, ირანში მას „ძალიან ყურადღებით უსმენს“:
„მე სიამოვნებით მივესალმებოდი მათთან დიდი გარიგების მიღწევას, ისეთი შეთანხმების, რომ ყველამ ცხოვრების გაგრძელება მშვენივრად შეძლოს. ამას შესანიშნავად გაართმევდით თავს. შესანიშნავი ხალხი ხართ, შრომისმოყვარე, ლამაზი, უბრალოდ წარმოუდგენლად კარგი ადამიანების ჯგუფი ირანში”.
”მე ნამდვილად მშვიდობა მინდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მის მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მაგრამ, მან ისიც დასძინა, რომ ”მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი. თუკი მე მივიჩნიე, რომ მათ ექნებათ ბირთვული იარაღი, მიუხედავად იმისა, რაც ახლა ვთქვი, მაშინ ეს მათთვის ძალიან სამწუხარო ამბავი იქნება. მეორე მხრივ, თუ მათ შეუძლიათ დაგვარწმუნონ იმაში, რომ ამას არ გააკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ ეს შეუძლიათ… ვფიქრობ, მათ დაუჯერებლად კარგი მომავალი ექნებათ”.