7 მარტს შვედეთმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და დაუნდობელი ომის გამო, სულ უფრო მზარდ მუქარას გრძნობდა, თავის 200-წლიან მიუმხრობლობის პოლიტიკაზე უარი თქვა და ნატოს თავდაცვით ალიანსს 32-ე წევრად ოფიციალურად შეუერთდა.
„2022 წლის თებერვალში პუტინის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრამდე, ნატოში შესვლას შვედების ერთ მესამედზე ნაკლები უჭერდა მხარს“, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „შეჭრის შემდეგ კი, შვედი ხალხის სამმა მეოთხედმა შეერთების სურვილი ნათლად გამოთქვა“.
ბლინკენის თქმით, „შვედებმა ღრმად გაიაზრეს, რომ თუ პუტინი მზად იყო ერთი მეზობელი რუკიდან წაეშალა, მაშინ ის ამაზე არ გაჩერდებოდა. თუკი მას ამის დაუსჯელად გაგრძელების უფლებას მისცემდნენ, პოტენციურად არა მხოლოდ ის გააგრძელებდა თავის აგრესიას, არამედ შესაძლო აგრესორები ყველგან მიიღებდნენ გზავნილს, რომ სეზონი გაიხსნა“.
შვედი ხალხი იცავდა თავის ქვეყანას და ისინი იცავდნენ საერთაშორისო სისტემას, რომელსაც ჩვენ ყველა ვეყრდნობით, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. „და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო დამაჯერებლად გვეუბნება, რომ ეს არის შვედეთის დემოკრატიული ხასიათის კიდევ ერთი დადასტურება: ხალხის მიერ მართული ცვლილება“.
„დღეს ასევე არ არსებობს სტრატეგიული მარცხის იმაზე უფრო ნათელი მაგალითი, ვიდრე ის, რადაც პუტინის უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის გადაიქცა. ვხედავთ რუსეთს, რომელიც სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით ახლა უფრო სუსტია“, - აღნიშნავს ბლინკენი.
ამის საპირისპიროდ, ნატო უფრო ძლიერი და უფრო დიდია, ვიდრე როდესმე ყოფილა. „ყველაფერი, რისი არდაშვებაც პუტინს სურდა, სინამდვილეში მისი ქმედებების, მისი აგრესიის შედეგად მოხდა და არ არსებობს ამის უფრო ნათელი მაგალითი, ვიდრე შვედეთის ამ ალიანსში შესვლაა“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
„თითქმის ორწლიანი დაუღალავი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ნატოს ყველა წევრისგან რატიფიკაციისთვის მიგვეღწია“, - თქვა ენტონი ბლინკენმა. „ზოგიერთს ეეჭვებოდა, რომ ჩვენ აქ აღმოვჩნდებოდით. ჩვენ არასდროს [შეგვპარვია ეჭვი]“, - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენის თქმით, „შვედეთი დიდი ხნის განმავლობაში ნატოელი მოკავშირეების აქტიური პარტნიორი იყო. ... და ფუნდამენტურად ასეთი ძლიერი, მძლავრი თავსებადობის მიზეზი ისაა, რომ შვედეთი შემდგარი სახელმწიფოა და ის მხარს უჭერს ისეთ ძირითად ღირებულებებს, რომლებიც ნატოს საფუძველს წარმოადგენს: დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა“.
„თუ 1949 წელს დავუბრუნდებით“, თქვა სახელმწიფო მდივანმა, „ნატოს ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, პრეზიდენტმა ტრუმენმა თქვა: „...ჩვენი ხალხების წინააღმდეგ აგრესიის არდაშვების მიზნით ნაბიჯების გადადგმისას, სხვა ხალხების წინააღმდეგ აგრესიის განზრახვა არ გვაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, შევქმნათ ფარი აგრესიის და აგრესიის შიშის წინააღმდეგ, დამცავი კედელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს მმართველობას და საზოგადოებას გავუძღვეთ, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უფრო შინაარსიან და უფრო ბედნიერ ცხოვრებას მივაღწიოთ“.