უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა გარემოს დეგრადაციაზე და კლიმატურ ცვლილებებზე

კუნძული ზმეინი, უკრაინა. 7 ივლისი, 2022 წ.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული უკანონო ომის ერთ-ერთი ნაკლებად შესამჩნევი შედეგია მისი გლობალური გავლენა გარემოს დაბინძურებაზე. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ომი უკრაინისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ, ის ასევე გარემოს დეგრადაციასაც იწვევს და უზარმაზარ პრობლემებს უქმნის გარემოს დაცვას გლობალური მასშტაბით. გავლენამ შესაძლოა მომავალში დიდი ხნით გასტანოს.

ლონდონში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „ჩატამ ჰაუსი“, რომელიც საერთაშორისო საკითხების ანალიზზე მუშაობს, მოამზადა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბრძოლების მარტო პირველი 7 თვის განმავლობაში, ომი გახდა უშუალო მიზეზი იმისა, რომ ატმოსფეროში 100 მილიონი ტონა ნახშირბადი გამოიყო.

ამავე დროს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტყეების ფართომასშტაბიანი გაჩანაგება. ტყის უკონტროლო ხანძრები ატმოსფეროში დიდძალი რაოდენობით ნახშირბადის ორჟანგის გამოფრქვევას იწვევს, აზიანებს უკრაინის განახლებადი ენერგიის სისტემებს და უკიდურესად აზარალებს ნახშირბადის გამოყოფის შემცირების სამომავლო გეგმებს.

SEE ALSO: უკრაინის დახმარების დაჩქარება

„უკრაინაში მიმდინარე ომს საშინელი გავლენა აქვს გარემოს დაცვაზე“ - აღნიშნა მონიკა მედინამ. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეა ოკეანეების, საერთაშორისო გარემოს და მეცნიერების საკითხებში. მისი თქმით, „მრავალ, მრავალ ქვეყანაში, რომლებიც გრძნობენ ზღვის დონის აწევით გამოწვეულ დამანგრეველ გავლენას, ან გამოიარეს ის უზარმაზარი წყალდიდობები, როგორიც ახლახან პაკისტანში მოხდა, ან მოყვნენ ისეთ გვალვებში, როგორიც აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, თუ აქ, შინ იყო, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად დესტრუქციულია კლიმატური ცვლილებები“.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს: „ვიდრე ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, გარემოს დაცვის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, რომელთა წინაშეც ისინი რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დაწყებული ამ საზარელი ომის შედეგად აღმოჩნდნენ, ჩვენ ასევე დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დახმარება აღმოვუჩინოთ იმ ადამიანებს, ვიზეც კლიმატურ ცვლილებებს დამანგრეველი გავლენა აქვს“.

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი კვლავ იქონიებს დამანგრეველ გავლენას კლიმატურ ცვლილებებზე და გარემოს დაცვაზე, რაც სამომავლოდაც გაართულებს გლობალურ საპასუხო რეაქციას, ამბობს მონიკა მედინა. „ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზული შეთანხმება გვაქვს და მასზე მუშაობა ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ, რათა გადავჭრათ გარემოს დაცვის პრობლემები. ჩვენ მათ დაძლევას მარტო ვერ შევძლებთ, ეს გლობალური გამოწვევებია“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და დასძენს: „გავაგრძელებთ წინსვლას გარემოს დაცვის ამ დიდი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჯანსაღ პლანეტაზე იცხოვრებენ“.