25 დეკემბერი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ეს არის დაახლოებით 2000 წლის წინ, იესო ქრისტეს დაბადების აღნიშვნა, რომელსაც ქრისტიანები თაყვანს სცემენ, როგორც განსხეულებულ ღმერთს, მხსნელს, სამყაროს სინათლეს.
იესოს დაბადების ნამდვილი თარიღი უცნობია და 25 დეკემბრის იესოს დაბადების თარიღად დადგენის წარმოშობის ისტორიაც გაურკვეველია, მაგრამ თარიღი ზამთრის ბუნიობასთან (მზებუდობასთან) ძალიან ახლოსაა. მთელ მსოფლიოში, ბევრი ძველი ხალხების წარმომადგენლისთვის, ზამთრის მკრთალი სინათლიდან მომავალი გაზაფხულის გაგრძელებული დღეებისკენ გადასვლას, ბუნების განახლების სიმბოლიზმი ახლდა თან.
და რადგან ქრისტიანებს სჯერათ, რომ იესო სამყაროს სინათლეა, შეიძლება პირველი ქრისტიანებისთვის ლოგიკური ყოფილიყო, რომ ეს იესოს დაბადების საზეიმოდ შესაფერისი დრო იყო. 221 წლის შემდეგ, 25 დეკემბერი თანდათან იესოს დაბადების თარიღად აღიარეს და მალე ქრისტიანმა მწერლებმა, მზის ხელახლა დაბადების და ღმრთის შვილის დაბადების დაკავშირება დაიწყეს.
„ქრისტეშობის ამბავი ქრისტიანული სარწმუნოების გულშია, მაგრამ საყოველთაოა იმედის, სიყვარულის, მშვიდობის, და სიხარულის გზავნილები“, - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ის ყველა ჩვენგანისთვის გასაგებია, ვართ ქრისტიანი, ებრაელი, ინდუისტი, მუსლიმი, ბუდისტი თუ ნებისმიერი სხვა სარწმუნოების, ან სულაც სარწმუნოების გარეშე. ის გასაგებია თითოეული ჩვენთაგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც აქ, დედამიწაზე ვიმყოფებით, რათა ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთი გვიყვარდეს“.
სინამდვილეში, ქრისტეშობის დროს, ქრისტიანებმა - სიტყვით და საქმით, ყველა ადამიანისთვის მშვიდობის და სიყვარულის, სიქველის, სიხარულის და იმედის გზავნილი უნდა გავრცელონ. ეს არის დრო, როდესაც ოჯახს, მეგობრებს და მეზობლებს სიყვარული და მადლიერება უნდა უჩვენო, უცხოებს სიკეთით და დიდსულოვნად მოეპყრო.
„ხანდახან სიკეთის უმცირესი გამოვლენაც შეიძლება ბევრს ნიშნავდეს: უბრალო ღიმილი, გულში ჩაკვრა, მოულოდნელი სატელეფონო ზარი, ფინჯანი ყავა, უბრალო გულთბილობა - რასაც განწყობის ამაღლება, ნუგეშის მიცემა და იქნებ სიცოცხლის ხსნაც კი შეუძლია“,- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
„მოდით ამ ქრისტეშობას ვიყოთ ის დამხმარე ხელი, ის ძლიერი მხარი, ის მეგობრული ხმა იმ დროს, როდესაც როგორც ჩანს, სხვა არავინ ფიქრობს მათზე, ვინც იბრძვის, წვალობს, გასაჭირშია. შესაძლოა ეს იყოს საუკეთესო საჩუქარი, რომლის გაცემაც როდესმე შეგეძლებათ“.