ქალების მიმართ ძალადობა საზღვრებით და კულტურებით არ შემოიფარგლება. ის მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობს. ამიტომაც ის თექვსმეტი დღე, რომელიც 25 ნოემბერს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესა და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დღეს შორისაა, სქესზე დაფუძნებული ძალადობის მიმართ ცნობიერების ამაღლებას და მისი თავიდან აცილების და აღმოფხვრისთვის ეფექტიანი გზების პოვნას ეძღვნება. ამ წლის თემაა: „გაერთიანდით“, ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანეთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად ყოველი მესამე ქალი თავისი ცხოვრების მანძილზე ფიზიკურ და/ან სქესობრივ ძალადობას განიცდის. თუმცა, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელიც კი, პრობლემის მოცულობას სავარაუდოდ სათანადოდ არ აფასებს.
მაგალითისთვის, „მსოფლიოს გარშემო, კონფლიქტებთან დაკავშირებული სქესობრივი ძალადობა, ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა და არასაკმარისად აღრიცხული რჩება“, თქვა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა წერილობით განცხადებაში. შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაფლულ რეგიონებში, შეიარაღებული და ორგანიზებული ჯგუფები ომთან დაკავშირებული ქაოსით სარგებლობენ, რათა ქალებზე და გოგონებზე ბავშვების ტრეფიკინგის, გატაცების, ქალების და გოგონების სექს-მუშაობაში იძულებითი ჩართვის გზით ინადირონ.
ეს „ეს დანაშაულები ხშირად უხილავია: გაეროს შეფასებით, კონფლიქტთან დაკავშირებულ ყოველ აღრიცხულ გაუპატიურებაზე, 10-დან 20-მდე შემთხვევის დოკუმენტირება არ ხდება“, თქვა პაუერმა.
ბოლო წლებში, ციფრულმა ტექნოლოგიებმა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ის ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს, ცნობილი ქალები და საჯარო სივრცეში მყოფი ქალები, როგორიც პოლიტიკოსები, ბიზნესის ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები და გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ქალები არიან, შეავიწროვოს, აედევნოს, ძალადობით და არასათანადო მოპყრობით - გაუპატიურების ჩათვლით - დაემუქროს.
„ტექნოლოგიის დახმარებით, სქესზე დაფუძნებული ძალადობა კონკრეტულ რისკს უქმნის ისტორიულად მარგინალიზებულ თემებს, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, ლგბტქ+ პირებს და რასობრივ, ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობებს“, თქვა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შეერთებული შტატების მთავრობა USAID-ის მეშვეობით ეხმარება ბევრ პროგრამას, რათა სქესზე დაფუძნებული ძალადობა შემცირდეს, თავიდან იქნას აცილებული და მასზე ყურადღება გამახვილდეს, აღნიშნა პაუერმა. მისი თქმით, „კონფლიქტის ადგილებში ქალების და გოგონების დაცვა, განსაკუთრებით იძულებით ადგილნაცვალ თემებში, USAID-ის ჰუმანიტარულ რეაგირებათა საკვანძო პრიორიტეტია. არაკონფლიქტური გარემოს შემთხვევაში, ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალების და გოგონების პოლიტიკურ, მშვიდობისმშენებელ და გარდამავალ პროცესებში შინაარსიანი მონაწილეობა დავაწინაუროთ“.
სქესზე დაფუძნებული ძალადობა გამიზნულია იმისთვის, რომ ქალების საჯარო ფორუმებში მონაწილეობა შეიზღუდოს. ის ქალების სამოქალაქო, სოციალურ, პოლიტიკურ, იურიდიულ და ეკონომიკურ ძალისხმევაში ჩართვისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის, თქვა პაუერმა. ამიტომ, „როცა ამ 16-დღიან აქტივიზმს ვიწყებთ, მოდით კიდევ ერთხელ ავიღოთ ვალდებულება, რომ სქესზე დაფუძნებულ ძალადობასთან ვიბრძოლებთ და დავიცავთ ქალების და გოგონების ფუნდამენტურ უფლებას, რათა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად და უსაფრთხოდ მიიღონ მონაწილეობა" - განაცხადა მან.