2022 წლის მარტში, მოსკოვში გამართულ მუნიციპალურ სხდომაზე ალექსეი გორინოვმა - კრასნოსელსკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ადამიანის უფლებათა დამცველმა - დამსწრეებს მოუწოდა, შეხვედრა წუთიერი დუმილით დაეწყოთ. გორინოვს სურდა, პატივი მიეგოთ იმ ბავშვებისა და სხვა ადამიანების ხსოვნისადმი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს შეეწირა. ამ კრებიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, გორინოვი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კრემლმა, ომთან დაკავშირებული საკითხების ცენზურის მიზნით, ახლადშემოღებული კანონის საფუძველზე დააპატიმრა. ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, გორინოვს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად, „ომი“ უწოდა.
ალექსეი გორინოვი 2022 წელს გაასამართლეს. მას რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდება დაუმტკიცდა. რუსეთის მოსამართლემ ოლესია მენდელეევამ გორინოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2024 წლის 31 დეკემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლე ოლესია მენდელეევას, გორინოვისთვის ამ განაჩენის გამოტანაში შეტანილი წვლილის გამო. მანდელეევას სანქცირება გლობალური “მაგნიტსკის აქტით” განსაზღვრული პროგრამით მოხდა, რომლის სამიზნეც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა სერიოზული დამრღვევები და კორუფციაში მონაწილეები არიან.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მენდელეევას სანქცირებას შეეხებოდა, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ გორინოვის სასამართლო პროცესზე მენდელეევამ, რომელიც ცნობილია ხანგრძლივი და მკაცრი სასჯელის შემცველ განაჩენთა გამოტანით, „უარი თქვა დაცვის მოწმეების ჩვენებათა განხილვაზე და ამტკიცებდა, რომ გორინოვის ‘გამოსწორება’ პატიმრობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ასევე საუბარია წინასწარი დაკავების იზოლატორში გორინოვის მიმართ დაფიქსირებულ, ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თხოვნის უარყოფაზე.
„რუსეთის მხრიდან სამართლებრივი სისტემით მანიპულირება ადუმებს განსხვავებული აზრის მქონეთა ხმას და ახშობს სიმართლეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე, რუსეთის გაუმართლებელი ომის თაობაზე”, - აღნიშნა თავის განცხადებაში ბრედლი სმითმა, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა: „ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარულია რუსი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან მუქარის, ძალადობის, ანგარიშსწორებისა და პატიმრობის წინაშე იმყოფება, თავის ქვეყანაში საკუთარი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების გამო. მოვუწოდებთ, დაუყონებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ გორინი და ყველა სხვა, ვინც რუსეთის ფედერაციამ შერჩევით დააკავა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ანგარიშვალდებულების დაყენების წახალისებას”.