უკრაინაში რუსეთის ომი უკვე ორ წელზე მეტხანს გრძელდება და როგორც ჩანს, კონფლიქტის დასამთავრებელი მოლაპარაკებებისკენ, მეომარ მხარეებს სწრაფვა ნაკლებად აქვთ. არსებობს თუ არა ამ მომენტისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა?
„ეს მეტწილად დამოკიდებულია ვლადიმირ პუტინზე და იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ის“,- თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „ვფიქრობ, პუტინმა დაიჯერა, რომ უკრაინაზე მეტხანს და უკრაინის მხარდამჭერებზე ხანგრძლივად გაძლებს“.
„წარმატების მიღწევა... დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნაში, იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით, რომ მხარდაჭერა გრძელდება და სინამდვილეში, ამ წუთებში, მათი მიმართულებით დაახლოებით 61 მილიარდი დოლარი იგზავნება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ეს როგორც პრაქტიკული, ისე ფსიქოლოგიური წახალისებაა უკრაინელებისთვის, რომლებსაც დაახლოებით 9 რთული თვე ჰქონდათ და ასევე იმის ნათელი დადასტურებაცაა, რომ მხარდაჭერა შენარჩუნებულია და ის სიცოცხლისუნარიანია“ - განაცხადა ბლინკენმა.
SEE ALSO: რუსეთი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის მსხვერპლიმისი თქმით, აშკარაა, რომ „ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა უკრაინა ხანგრძლივად იყოს ძლიერი და მყარად იდგეს ორივე ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით“.
სამხედრო კუთხით, "იმ მხარდაჭერის გარდა, რომლითაც ჩვენ მათ ახლა უშუალოდ უზრუნველვყოფთ და ევროპელები უზრუნველყოფენ... არასდროს მინახავს ტვირთის გაზიარების უკეთესი მაგალითი, ვიდრე უკრაინაა, სადაც ევროპელმა პარტნიორებმა, აზიელმა პარტნიორებმა, სხვებმა, იმდენივე გააკეთეს, რაც ჩვენ და კიდევ უფრო მეტიც, და ეს გრძელდება“,- განაცხადა მან.
„ახლა გვყავს 30-ზე მეტი ქვეყანა, რომელთაც უკრაინასთან მოილაპარაკეს, ან მალე დაამთავრებენ მოლაპარაკებებს ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებებზე“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. „იმავდროულად, ჩვენ კერძო სექტორის ინვესტიციებს უკრაინისკენ მივმართავთ“.
„რთული ვითარების მიუხედავად, არის უზარმაზარი შესაძლებლობები და ამაში დიდ დაინტერესებას ვხედავთ... უკრაინა... სინამდვილეში ახლა შავი ზღვის გავლით უფრო მეტ ექსპორტს აგზავნის, ვიდრე 2022 წლის თებერვლამდე. შემოსავალი სახელმწიფო ხაზინაში შედის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავალი, სადაც უკრაინა ეკონომიკურად ძლიერი იქნება“.
„და მერე დემოკრატიულადაც, - ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო და ეს უკრაინის დემოკრატიის განვითარებისთვის საუკეთესო გზაა“, - თქვა მან.
ბლინკენის განცხადებით, „ეს ყველაფერი, შესაძლებელ პასუხთა შორის, უძლიერესია პუტინისთვის, რადგან ეს ამბობს, რომ უკრაინა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ მას მომავალში აყვავებაც ძალუძს".
„ვიმედოვნებ, რომ ბატონი პუტინი გზავნილს მიიღებს და გამოიჩენს ნებას, გულწრფელად ჩაერთოს მოლაპარაკებებში იმ საბაზისო პრინციპების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს ქარტიის გულშია: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა. „თუ ისინი შესაბამისად დადასტურდება, იქნება [სამშვიდობო] გადაწყვეტილებაც“.